ჩემს გარშემო
გამოგვყევი

მედია

მოგზაურობა დაუვიწყარი მოგონებებისთვის

2018-06-11

მარიკა ბაკურაძე:

თუ ახლა ამ ტექსტის გვერდით წყლის ფოტოს ხედავთ, წყალი არ გიყვართ და ჟურნალის სხვა გვერდზე გადაშლას აპირებთ, გირჩევთ.. არა, არაფერსაც არ გირჩევთ, უბრალოდ ჩემს ამბავს გეტყვით და მერე თქვენ გადაწყვიტეთ, მოინდომებთ თუ არა მსგავს თავგადასავალში გაეხვეთ.

მე ვარ ადამიანი, რომელიც ცივ წყალს ახლოსაც კი არ ეკარება, რომელმაც ცურვა არ იცის, და რომელსაც პანიკური შიში ეწყება წყლის წვეთების ოდნავ შესხმაზეც კი. მარტვილის კანიონი კი არის ადგილი, რომელიც ჩემნაირ ადამიანებსაც კი იზიდავს. ახლა, ალბათ, ფიქრობთ: „მერე რა, მარტვილში ჩავალ, სამაშველო ჟილეტს ჩავიცვამ. ნავიც უსაფრთხოა, ინსტრუქტორთან ერთად ვისეირნებ. სადაა აქ წყალი და შიში?..“

სად არის და, მარტვილის კანიონიდან 400 მეტრში, იქვე, სულ ახლოს, სადაც ექსტრემალური თავგადასავალი იწყება. სადაც შეგიძლიათ კანიონის სიღრმეში ჩაყვინთოთ, რეალობას მოწყდეთ და ენით აუწერელი სილამაზე ნახოთ. ჯერ იყო ფოტო, რომელიც ვნახე. წყლის ქვეშ გადაღებული ფოტო, რომელმაც მიბიძგა, სიგიჟე ჩამედინა და ჩემი შიშის მიუხედავად, წყალში ჩამეყვინთა.

შემდეგ იყვნენ ინსტრუქტორები – საერთაშორისო სერტიფიკატის მქონე ქართველი მყვინთავები, რომლებიც დამპირდნენ, ქალთევზასავით იგრძნობ თავსო. მეც უსიტყვოდ ვენდე, წყლის სათვალე მოვირგე, ერთი ღრმად ჩავისუნთქე და ბედს მივენდე. წყალში ჩავედი და ამოსვლაც აღარ მინდოდა.

იქ ყველაფერი ბუნებრივი, მარადიული, სიმეტრიული, დაუჯერებელი და ჯადოსნურია. იცით, როგორი? ბავშვობაში, ტელევიზორში კუსტოს გადაცემებს რომ გვაჩვენებდნენ, კაცი წყალქვეშა სამყაროში რომ დაცურავდა და ჩვენ რომ გვეგონა, ამ რეალობას ვერასოდეს ვნახავდით. კიდევ იცით, როგორია? რომ მოგანდომებს წყლის ყურსასმენები გაიკეთო, სირინოზების ხმები ჩაირთო, იქაურ სიმშვიდეს შეერწყა და აღარასოდეს ამოყვინთო. მოკლედ რომ გითხრათ, მე ეს შევძელი, თანაც – სექტემბრის ბოლოს, საკმაო სიცივეში, წყალში, რომელსაც მზე არ ემხრობა დღის არცერთ მონაკვეთში.

და ვინც ამას კითხულობთ და ხვდებით, რომ ჩემნაირმა გამოუცდელმა, სუსტმა, წყლის მოძულემ, ასეთ ცივ წყალში მოვახერხე ამ ყველაფრის გადატანა და ასეთი ბედნიერი ვარ, ალბათ, იმასაც მიხვდებით – ზაფხულში, სიცხეში, ექსტრემალური თავგადასავლისა და ცურვის მოყვარულ ხალხს რა სიამოვნება ელის მარტვილში. მარტვილის კანიონის უკიდეგანო სიღრმეში.

ფასიანი სერვისები

საქართველოს ეროვნულ პარკებში თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ ფასიანი ეკოტურისტული სერვისებით.

მეტის ნახვა

ტრანსპორტი

გაიგეთ როგორ შეგიძლიათ მოხვდეთ საქართველოს ეროვნულ პარკებში.

მეტის ნახვა

გზამკვლევი

დაგეგმეთ მოგზაურობა საქართველოს ეროვნულ პარკებში.

მეტის ნახვა

ჩვენს შესახებ

ძვირფასო მოგზაურებო, გიწვევთ საქართველოს ეროვნულ პარკებში სამოგზაუროდ.

მეტის ნახვა