ჩემს გარშემო
გამოგვყევი
×

ფლორა

თბილისის ეროვნული პარკის მრავალფეროვანი ფლორა წარმოდგენილია 675 სახეობის ბალახოვანი და მერქნიანი მცენარეული საფარით.

ეროვნული პარკის ტყის საფარში ძირითადად გვხვდება - ქართული მუხის, წიფლის, რცხილის, ჩვეულებრივი იფნის, ჯაგრცხილისა და პანტის ტყის ეკოსისტემები.

ქვეტყეში გვხვდება: კუნელის, შინდის, ზღმარტლის, ჭანჭყატის, თრიმლის და სხვა დასახელების ბუჩქები.

თბილისის ეროვნული პარკის ტერიტორებზე ნაირფეროვან ბალახოვან საფარს, წივანას სხვადასხვა სახეობები ქმნის. წივანასთან ერთად გვხვდება: ტყის თაგვისარა, კრაზანა, ბრძამი, ჩვეულებრივი თავშავა და სხვა მცენარეები. ბალახოვან მცენარეულობაში დიდი რაოდენობით არის წარმოდგენილი სამკურნალო მცენარეებიც.

პარკში ხელოვნურად არის გაშენებული ფიჭვნარები და უნიკალური უთხოვრის კორომები. თბილისის ეროვნულ პარკში ტყეებს ვერტიკალური ზონალობა ახასიათებთ.


საქართველოს „წითელი ნუსხის" სახეობები

იშვიათი და გადაშენების პირას მყოფი სახეობებიდან, თბილისის ეროვნულ პარკში გავრცელებულია: ბზა (Buxus colchica), უთხოვარი (Taxus baccata), შიშველი თელადუმა (Ulmus glabra), პატარა თელადუმა (Ulmus glabra), კაკალი (Juglans regia), პონტოს მუხა (Quercus pontica) და სხვ.

ენდემური და რელიქტური სახეობები

თბილისის ეროვნული პარკის დენდროფლორა იმითაც არის საინტერესო, რომ აქ გავრცელებულია მესამეული პერიოდის კოლხეთის ფლორის წარმომადგენელები: კოლხური ჭყორი, კოლხური და პასტუხოვის სურო, აღმოსავლეთის ძახველი, თაგვისარა, უთხოვარი, კავკასიური დეკა, წყავი და სხვ.




ფაუნა

თბილისის ეროვნულ პარკში ძუძუმწოვრებიდან გავრცელებულია: მელა, მგელი, შველი, კურდღელი, ტყის კვერნა და სინდიოფალა. დიდი მტაცებლებიდან მცირე რაოდენობით არის წარმოდგენილი ფოცხვერი და მურა დათვი. ადრე საგურამოს ნაკრძალი კავკასიური კეთილშობილი ირმის პოპულაციით იყო განთქმული.

თბილისის ეროვნული პარკში შეხვდებით ორნითოფაუნის სხვადასხვა წარმომადგენლებს: ჩხიკვს, შაშვს და რამდენიმე სახის კოდალას. მტაცებელი ფრინველებიდან პარკში გავრცელებულია მიმინოს სახეობა.

პარკის ტერიტორიაზე ქვეწარმავალის 12 სახეობა გვხვდება. მათგან ყველაზე გავრცელებული გველხოკერაა. აქ ასევე შეიძლება ნახოთ: უბრალო ანკარა, ჩვეულებრივი ყვითელმუცელა მცურავა და სპილენძა გველი.


საქართველოს „წითელი ნუსხის" სახეობები

ეროვნული პარკის ტერიტორიაზე იშვიათი და გადაშენების პირას მყოფი ცხოველებიდან შეიძლება დავასახელოთ: კეთილშობილი ირემი, მურა დათვი, ფოცხვერი.

ფრინველებიდან „წითელი ნუსხის" წარმომადგენლები არიან: ბეგობის არწივი, დიდი მყივანია არწივი და ქორცქვიტა.

ენდემური სახეობები

თბილისის ეროვნულ პარკში წვრილი ძუძუმწოვრების 46 ენდემური სახეობაა გავრცელებული. მათაგან აღსანიშნავია: ჩვეულებრივი ციყვი (Sciurus vulgaris), ველის თაგვი (Mus macedonicus), შავი ვირთაგვა (Rattus rattus), აღმოსავლეთევროპული ზღარბი (Erinaceus concolor), კავკასიური თხუნელა (Talpa caucasica) და სხვ.

ფასიანი სერვისები

საქართველოს ეროვნულ პარკებში თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ ფასიანი ეკოტურისტული სერვისებით.

მეტის ნახვა

ტრანსპორტი

გაიგეთ როგორ შეგიძლიათ მოხვდეთ საქართველოს ეროვნულ პარკებში.

მეტის ნახვა

გზამკვლევი

დაგეგმეთ მოგზაურობა საქართველოს ეროვნულ პარკებში.

მეტის ნახვა

ჩვენს შესახებ

ძვირფასო მოგზაურებო, გიწვევთ საქართველოს ეროვნულ პარკებში სამოგზაუროდ.

მეტის ნახვა